თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

4 hours ago 2

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა მიეღო, თუმცა ეს მხოლოდ 20 იანვარს მოხდა.

„ჩვენ ამ პროცედურულ დარღვევას და ყველა სხვა შინაარსობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ იქნება აპელაციისგან ადეკვატური პასუხი, რაც იქნებოდა მხოლოდ გაუქმება პატიმრობის და ჩვენ მოველით, რომ უახლოეს საათებში შეცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმს და მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. აღკვეთა ცალკე გასაჩივრებას ექვემდებარება. [განხილვის] ვადები მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭოს სწრაფ ვადებში მოხდეს მისი განხილვა. ეს შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე დღეში, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც იქნება საკმარისი, რომ საჩივარი დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მიეწოდოს  ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სრულად წაკითხვა