გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 17 იანვრის საღამოსთვის 16 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.
ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
TI-ის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა:
- ქართუ ბანკი
- ფონდი ქართუ
- გალერეა თბილისი
- აქსის თაუერსი
- ჰაიდელბერგ ცემენტი, - რომელსაც, TI-ის ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, - ამ წერილით 25 ადამიანის სანქცირებაა მოთხოვნილი;
- საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, - რომლის მფლობელობაშიცაა, TI-ის თანახმადვე, ივანიშვილის სასტუმროები: „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.
- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც, TI-ის თანახმად, ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.
- რუსული კომპანია შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
„გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს“, - განმარტავს TI.
„გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება“, - აცხადებენ TI-ში.
ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილის სანქცირების შესახებ ინიციატივის წარდგენას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.
ინიციატივაში საუბარი პირადად ბიძინა ივანიშვილის სანქცირება - არა მისი ოჯახის წევრებისა. თუკი წინადადებას - რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა - მიიღებენ, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
- „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“;
- „გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“;
- „ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე - დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“;
თემთა პალატაში წარდგენილ ამ წინადადებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ შეთქმულების თეორიით უპასუხა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით წარმოჩინდება, რომ ქვეყანა „დიპ სტეიტმა“ „უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა“.
17 იანვარს ინიციატივასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობას ივანიშვილების კომპანიების შესახებ გამოეხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, - რომელიც ამავე დროს არის კონგრესში დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე, - განაცხადა:
„მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მარიონეტ ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მის „მაცოცხლებელთა“ [enablers].