ბელარუსი ნობელიანტი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, გაგახსენებთ 2020 წლის ჩვენს საპროტესტო მსვლელობებს. ჩვენი ბელარუსის რევოლუციას. თქვენსავით წყლის ჭავლს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქ-ბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ათი მეტრიდან ნასროლ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს.
მახსოვს, ერთხელ როგორ გავატარეთ მთელი დღე ქუჩაში და საღამოსკენ დაშლა დავიწყეთ, რომ მეორე დღეს ისევ შევკრებილიყავით. მეორე დღეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ტანკებით ვიყავით გარშემორტყმული. და გამახსენდა მოხუცი, რომელიც ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეს ტიროდა და ხელებზე გვექაჩებოდა: „არ წახვიდეთ! დღე და ღამე უნდა ვიდგეთ, მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ“.
იდექით დღე და ღამე. ნუ დაიშლებით. თქვენ გაიმარჯვებთ. როცა ერთად ხართ, თავისუფლები ხართ“.
სვიატლანა ალექსიევიჩის მიმართვის ქართულენოვან თარგმანს ავრცელებს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი.
2020 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად მეექვსე ვადით არჩეულია ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია ამას არ დაეთანხმა.
იგი აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მათმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. გაყალბების წინააღმდეგ და დემოკრატიის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი გამოსვლები. უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს ახორციელებდნენ.
უფლებადამცველთა მონაცემებით, აქციების დაშლისას დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის ათასობით საქმე. ასობით მოქალაქეს, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, ხანგრძლივი ვადით მიესაჯა პატიმრობა.
ბელარუსში ამჟამად არის ათასზე მეტი მსჯავრდადებული, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრებად ჰყავთ აღიარებული.
საქართველოში დემონსტრაციები, - რომლებთან დაკავშირებითაც არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი სისხლის სამართლის წესით, - თბილისში და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესროდნენ, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის არაერთ წარმომადგენელზეც.
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.
დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.