ივანიშვილის ადვოკატის თქმით, შვეიცარიამ საქართველოს პროკურატურას ბაჩიაშვილის ანგარიშზე ინფორმაცია არ მიაწოდა

15 hours ago 2

შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადებას ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი თემო წიქვაძე ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიულ ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს.

როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს,  Julius Baer-ში ანგარიში აქვს გიორგი ბაჩიაშვილსაც, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით,  საქართველოს საგამოძიებო ორგანოდან შვეიცარიის იუსტიციის სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ მიეწოდებინათ ინფორმაცია Julius Baer-ში არსებულ ბაჩიაშვილის ანგარიშების შესახებ. თუმცა მისი განცხადებით, შვეიცარიამ აღნიშნული ინფორმაცია არ მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილს სხვა გარემოებებთან ერთად აფიქრებინებს, რომ   Julius Baer მის წინააღმდეგ „უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად“.

როგორც ადვოკატის განცხადებაშია, „აღნიშნული ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“.

„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ის დავასთან და სხვა შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარიული ბანკის Julius Baer (რომელშიც გადატანილ იქნა Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.

კერძოდ, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე, ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ,,ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები.

ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.

სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში“, – ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს – უჩივლოს.

ამის შესახები ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილს Julius Baer-ში გადატანილი ჰქონდა Credit Suisse-ისგან „გადარჩენილი“ აქტივების დიდი ნაწილი, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. სწორედ Credit Suisse-სთან ჰქონდა ივანიშვილს თავდაპირველად დავა.

როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს,  თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა.

გარდა ამისა, ადვოკატის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer, „ფაქტობრივად, დაემუქრა“, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის.

ამასთან, ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ  Julius Baer-მა „არასწორად (უფრო სათავისოდ) განმარტა“ ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.

დავა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის, რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.

ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო.

ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.

პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.

ადვოკატის ცნობით, სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილისთვის წარმატებით დასრულდა. მისივე განცხადებით, ბერმუდაში მიმდინარე საქმე  „წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში“ და  საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში.

ადვოკატის ინფორმაციით, შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).

ამ თემაზე გირჩევთ:

სრულად წაკითხვა