ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა, 20 ივნისს გამახსენებთ, არ მჭირდება – გახარია

7 months ago 9

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლისას ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

ამის შესახებ გახარიამ დღეს, პირველ მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე.
სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება.

ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს, არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.

ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება – ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს და ამიტომ მან პოლიციელებს მიმართა, რომ მათ ვალდებულება მოქალაქეების წინაშე აქვთ.

„მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა – პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე მიმართა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.

„მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, ის უკვე დამარცხებულია. 26 ოქტომბერს კი ერთად გავაფორმებთ საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


30 აპრილის საღამოს და 1-ელ მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა