„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა და პარტიის აკრძალვის საკითხთან კავშირში არაა.
ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხა:
„ამჟამად საქართველოს ჰყავს თუ არა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური პროცედურით ფორმირებული საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციით დადგენილი წესით ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები?“
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ეს კითხვა პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
„ეს კითხვა არ არის რელევანტური, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ბუნებრივია, ამაზე ჩვენი პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ეს ვერ იქნება პირდაპირ შემხებლობაში პარტიის აკრძალვის საკითხთან.
რაღაცნაირი მარტივი მახე არის, რომ თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, მაშინ იტყვიან, აი, ხომ გვაღიარეთო, თუ იტყვი, რომ არ აღიარებ, მაშინ წახვალ ციხეში. ეს არის არჩევანი, რომელსაც რომელსაც მხარე უტოვებს საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, რომელიც არ ეთანხმება მათ პოლიტიკურ კურსს, იმ საზოგადოებას, რომელიც არ ეთანხმება იმ ფუნდამენტურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მათ დააყენეს ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.
მხარეებისადმი მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, განხილვა მხარეების მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით უნდა დაიწყო.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
netgazeti