კახეთის სამ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

3 weeks ago 9

„საქართველო არ იქნება რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა“ – ამ ტრანსპარანტებით ხელში ათობით თელაველი შეიკრიბა იმ შენობასთან, სადაც მერია, საკრებულო და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა განთავსებული.

"საჭიროა ამ პოლიტიკის ძირეული შეცვლა, ამიტომ ჩვენი ძირითადი გზავნილია, ჩატარდეს ახალი არჩევნები. ახლა ის დროა, ყველამ უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესები და ჩვენთან ერთად დადგეს“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე თამარ მიქელაძემ. ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

თელავში მიმდინარე აქციაზე იმყოფება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილიც.

"ადამიანების ცემა აკრძალულია, თუმცა ამას აკეთებს სახელმწიფო შავებში გადაცმული კაცების მეშვეობით. ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის ბოსტანი, რომელსაც სჭირდება გამარგვლა და ნაგვის გადაყრა ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, - განაცხადა აქციაზე მყოფმა არჩილ მჭედლიშვილმა.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ყვარელსა და გურჯაანშიც.

"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროკავშირს, ყვარლის არჩევანიც ევროპაა… გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავების მიერ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ყვარელში გამართული აქციის მონაწილე ნიკა გურინმა.

აქციის მონაწილეები თელავში

აქციის მონაწილეები თელავში

დღესვე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა.

"ვგმობთ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს. პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სისხლი დაღვარეს რუსეთის იმპერიული მარწუხებისგან ქვეყნის გამოსახსნელად. ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ რწმენას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის საგარეო კურსი ასახავს ჩვენს საუკუნეობრივ სურვილს, გავხდეთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სამყაროს წევრი". - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს უნივერსიტეტის 9 თანამშრომელი.

სრულად წაკითხვა