კოალიცია ძლიერ საქართველოს იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს

1 week ago 15

კოალიცია “ძლიერ საქართველოს” ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეაქვს.

ამის შესახებ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო და თვითონ არჩევნები თავისუფლად ვერ შეფასდება, თუ ის თავისუფალ მედიაგარემოში არ ჩატარდება.

ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც ჩანს, გადაედოთ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს. სამწუხაროდ, ტელეკომპანიები – „იმედი“ და „რუსთავი 2“, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც კი აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების შესახებ სიმართლე ვესაუბროთ; სიმართლე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. ჩვენ ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ „იმედი“ წლებია აღარ გვიშვებს პირდაპირ ეთერში და ბლოკავს შესაძლებლობას, ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ დაებლოკათ ჩვენი საარჩევნო რეკლამა. ეს არის კანონის წინააღმდეგ წასვლა.

დღეს, ჩვენ ორ საჩივარს შევიტანთ ტელეკომპანია „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ. განსაკუთრებით ეს მძიმეა დემოკრატიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საარჩევნო გარემო და არჩევნები ვერ და არ შეფასდება თავისუფლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად, თუ ის არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი მედიაგარემოთი. რასაც ახლა ისინი და ეს ორი მედიასაშუალება აკეთებს, ეს არის მედიის თავისუფალი გარემოს არაკონსტიტუციური შეზღუდვა. დიდი ხანია ვხედავთ, რომ დაკავებული ხართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან ბინძური რუსული მეთოდების პროპაგანდით, მაგრამ რასაც ახლა მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებთ, ეს აღარაფერში აღარ ჯდება.

ეს არის იმ ავტორიტარული მოქმედებების გაგრძელება, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც ისინი არ ერიდებიან კანონის დარღვევას, ძალადობას, დაშინების კამპანიას, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სრულად წაკითხვა