კობახიძე გლოპ-ის ნაცვლად „დიპ სტეიტზე“ საუბრობს და ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს

1 day ago 4

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ (გლოპ-ის) ნაცვლად ტერმინ „დიპ სტეიტს“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) იყენებს, მას აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთ-უკრაინის ომსა და მსოლფიოში სხვა კონფლიქტებზე და ამბობს, იმედოვნებს, აშშ-ის არჩეული დონალდ ტრამპი დაამარცხებს „დიპ სტეიტს“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიპ სთეითს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს და ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება“, - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია“:

„ამაში გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“.

კობახიძემ ასევე ახსენა ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი და მისი ინტერვიუ, სადაც, მისი თქმით, „საქსმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში“.

ამის შემდეგ კი განაცხადა: „ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია, მივცეთ გარკვეული შეფასება და, შეიძლება, ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება“.

სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა მან „დიპ სტეიტზე“:

„დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. დიპ სტეიტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ „ან „დიპ სტეიტი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიპ სტეიტს“. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიტ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოს [„გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდეგ - რ.თ] „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი ჰქონდა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება:

„ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, მეც ვიზიარებდი და გუნდის არერთი წევრი ითხოვდა და მიგვაჩნდა, მიზანშეწონილი იყო. თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, მან [გახარიამ] მაშინ 15 წუთი ითხოვა. ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიპ სტეიტიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და მოხდა ისე, რომ გახარიასგან გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა და მოვლენები დაუბრუნდა კალაპოტს. მაშინაც ქვეყანას ხელოვნურად არყევდა დიპ სტეიტი. თუმცა ასეთ კომპრომისებზე ჩვენ აღარ მივდივართ ოთხი წელია და ამიტომ არის გამწარებული ეს ხალხი“, - განაცხადა კობახიძემ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

„ქართული ოცნება“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალდებს და აცხადებს, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.

სრულად წაკითხვა