ჩინეთი ერთ-ერთია ქვეყნებს იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარვება და, ასევე, მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
2025 წლის 10 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე“.
კობახიძის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, მან შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - წერია პრესცენტრის გავრცელებულ ცნობაში.
მათი წინა შეხვედრა 2024 წლის 6 დეკემბერს გაიმართა. დიპლომატმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიულოცა.
საქართველოს ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებსა და მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
6 დეკემბრის შეხვედრისას „ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“, - აცხადებდა კობახიძის პრესცენტრი.
იმ შეხვედრაზეც ისაუბრეს „ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე“; ასევე, „ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში“.
2024 წლის 29 მაისს - „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, - საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.
კობახიძემ 6 დეკემბრის შეხვედრაზე ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა „ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.
მოგვიანებით, 2024 წლის 20 დეკემბერს ჩინეთის ელჩს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, - რომლებსაც წინა დღეს, 19 დეკემბერს, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს. გომელაური, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით ექვსი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი და თურქეთი.
ჩინეთმა და საქართველომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადეს გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. პრემიერ-მინისტრი მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ის 28 ივლისს სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.