კობახიძე ოპოზიციის „სრულად განეიტრალების“ პირობას დებს

2 weeks ago 14

6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის „სრულად განეიტრალება“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ სრულად დამარცხებაა დაგეგმილი. „ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე. კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში“, განაცხადა მან.

„როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში. როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქციაც. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეები“, – სიცილით განაცხადა კობახიძემ ბრიფინზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ მოთხოვნებით ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. „ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ზუსტად ამ ორ მთავარ ასპექტს ჩვენი კონსტიტუციური სისტემისა, როგორც სამართლის უზენაესობას, ისე დემოკრატიას“, – განაცხადა მან და პარალელები გაავლო 2012 წლამდე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან. რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაკავებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ 300 ადამიანის დაკავება სავსებით ლოგიკურია. მისი თქმით, ეს იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წესრიგზე, რაშიც ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ ჩართულნი.

 კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის შეფასება ამსხვრევს ოპოზიციისა და მათი პატრონების გეგმებს, რადგან მას უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია. „ეუთო/ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო/ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ყველას მოუწევს, არჩევნებში დამარცხებასთან შეგუება“.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ მას „თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება“ და აღნიშნა, რომ ის მონაწილეობდა დეზინფორმაციულ კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა: „მე, პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, მინდა შევთავაზო, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში… პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 10-12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის პროცესი თუ ნებისმიერი სხვა საკითხი“.

კობახიძემ დასძინა, რომ „ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა