კოლუმბიის უნივერსიტეტში სპიკერ ჯონსონის სიტყვით გამოსვლის ჩაშლას შეძახილებით ცდილობდნენ

7 months ago 7

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კოლუმბიის უნივერსიტეტს ოთხშაბათს ეწვია. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ეს სასწავლებელი, ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ, ისრაელის ომის საწინააღმდეგო სტუდენტური დემონსტრაციების ცხელ წერტილადაა ქცეული და უნივერსიტეტმა საპროტესტო ბანაკის დასაშლელი მოლაპარაკებების ვადა გააგრძელა.

ჯონსონი მანჰეტენის სასწავლო კორპუსს ეწვია და ამის მიზანი ებრაელი სტუდენტების მხარდაჭერა იყო, რომლებსაც ზოგიერთი ანტი-ისრაელური დემონსტრანტი ავიწროებდა.

სპიკერ ჯონსონს სიტყვას შეძახილებით და ყვირილით აწყვეტინებდნენ, თუმცა მისი ხმის გაგონება ისედაც ძნელი იყო, რადგან მის წინ დადგმული მიკროფონები სხვადასხვა მედიას ეკუთვნოდა და ხმის გამაძლიერებელთან არ იყო შეერთებული.

„იმ დროს, როდესაც კოლუმბიამ [უნივერსიტეტმა] ამ კანონს მიღმა მყოფ რადიკალებს და აგიტატორებს [ვითარების სადავეების] ხელში აღების ნება მისცა, ანტისემიტიზმის ვირუსი სხვა სასწავლებლებზეც გავრცელდა“, - თქვა ჯონსონმა. მან "მოძალადე" დემონსტრანტების დაკავებისკენ მოუწოდა და დაიმუქრა, რომ ფედერალური დაფინანსება შეუწყდება უნივერსიტეტებს, რომლებიც წესრიგს ვერ დაამყარებენ.

იქ მყოფი სტუდენტების თანახმად, განცხადების გაკეთებამდე, ჯონსონი სასწავლო კორპუსში დაახლოებით 40 ებრაელ სტუდენტს შეხვდა. მათ თქვეს, რომ სასწავლო კორპუსში მისვლის ეშინიათ და ციტირებდნენ იმ ებრაელი სტუდენტებს, რომლებმაც თქვეს რომ მათ აფურთხებდნენ და კედლებზე მიხატული სვასტიკები ნახეს.

საპროტესტო ბანაკში სტუდენტები ამბობენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი იყო და სასწავლო კორპუსის გარეთ მომხდარ ნებისმიერ გამამწვავებელ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უცხოებს, რომლებიც მათ მოძრაობასთან დაკავშირებული არ არიან.

ოთხშაბათსვე, ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში დემონსტრანტები პოლიციამ დაშალა. ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, 34 ადამიანი დააკავეს.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა სასწავლო კორპუსი დაკეტილად გამოაცხადა და ლოს-ანჯელესის პოლიციას დემონსტრაციის დაშლა სთხოვა. ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, 93 ადამიანი სხვის საკუთრებაში უკანონო შეჭრისთვის, ერთი კი მომაკვდინებელი იარაღით თავდასხმისთვის დააკავეს.

სტუდენტთა დემონსტრაციები გაიმართა ასევე როდ აილენდის შტატის პროვიდენსში - ბრაუნის უნივერსიტეტში, ენ არბორის მიჩიგანის უნივერსიტეტში, კემბრიჯში - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ჰუმბოლდტში - კალიფორნიის შტატის პოლიტექნიკურში.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ ისრაელიდან ინვესტიციების გამოტანას და სურთ აშშ-ის მთავრობაზე წნეხის მიმართვა, რათა მან ღაზაზე ისრაელის დარტყმები მოთოკოს.

სრულად წაკითხვა