ლავროვი აშშ-ს აკრიტიკებს საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთოს ანგარიშის „იგნორირებისთვის"

2 weeks ago 10

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ეუთოს დადებით ანგარიშებს არაფრად აგდებს.

ამერიკელ პოპულისტ და შეთქმულების თეორიების მიმდევარ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ლავროვმა მაგალითად მოიყვანა საქართველოში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნები.

ინტერვიუ, რომელიც კარლსონმა რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ჩაწერა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ლავროვის თქმით, როცა ეუთო რუსეთში არჩევნებს აკვირდებოდა, ყოველთვის უკიდურესად ნეგატიური ანგარიშები ჰქონდა, ისევე როგორც ბელარუსის და ყაზახეთის შემთხვევაში. „ამჯერად, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დადებითი ანგარიში წარმოადგინა. როცა თქვენ არჩევნების შედეგები მოგწონთ და პროცედურების მოწონებაა საჭირო, მათ აღიარებთ. თუ არჩევნების შედეგები არ მოგწონთ, მათ იგნორირებას ახდენთ“, - განაცხადა ლავროვმა.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა შეინარჩუნა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ". ოთხი ოპოზიციური გაერთიანება, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ახალი მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გადაიზარდა გაცილებით მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" გააწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

სრულად წაკითხვა