WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარება პარტიების ასაკრძალად არარელევანტურია.

ასე უპასუხა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, თორნიკე ჭეიშვილის კითხვას.

„ამჟამად საქართველოს ჰყავს თუ არა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური პროცედურით ფორმირებული საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციით დადგენილი წესით ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები”, – ჰკითხა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ცალ-ცალკე ორგანოების ჩამოთვლას არ ვაპირებ, ალბათ საკონსტიტუციო სასამართლო გაინტერესებთ პირველ რიგში. კი, მივიჩნევ იმიტომ, რომ ჯაჭვი პარლამენტთან, რომელსაც არ მივიჩნევ ლეგიტიმურად და ეს ჩემი პოლიტიკური შეფასებაც არის. ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი, არის პოლიტიკური უმთავრესად და ვაღიარებ თუ არა ჩემს მთავრობად, ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, ვასრულებ თუ არა კანონებს, მათ შორის მათ მიერ მიღებულსაც, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. მეორე ნაწილში — დიახ, ვასრულებ. და პირველ ნაწილში — დიახ, არ ვაღიარებ.

ამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის წყარო, მე არ მგონია, რომ რომელიმე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყოს პარლამენტის მიერ არჩეული. ეს ფორმალური საფუძველიც მაქვს, რომ არ დავუკავშირო ეს პარლამენტი ამ სასამართლოს. ვაღიარებ, ვეთანხმები თუ არა, მიმაჩნია თუ არა სამართლებრივად და ასე შემდეგ, ეს მეორე საკითხია. მე არ ვეთანხმები ბევრ გადაწყვეტილებას, შეიძლება მათ შორის საერთო სასამართლოებისას განსაკუთრებულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვემორჩილები. ეს სხვადასხვა რამეა აბსოლუტურად.

ის, რომ როგორც იურისტსაც მქონდეს ჩემი დამოკიდებულებები, მათ შორის უკიდურესად ნეგატიური კონკრეტული სასამართლოების მიმართ, ეს განსხვავებული საკითხია. როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნდეს, რომ სასამართლო არის მმართველი რგოლის გაგრძელება, ესეც ჩემი პოლიტიკური შეფასების საკითხია. დაუმორჩილებაში ჩემი დამოკიდებულება არ გამოიხატება.
მათ შორის იმ კანონების მიმართ, რომლებსაც იღებთ იმიტომ, რომ არალეგიტიმურობა მთლიანად სამართლებრივი წესრიგის აყირავებას არ ითვალისწინებს არც ერთ ქვეყანაში.

სამართლებრივი სისტემის ნაწილი მაინც არის ის პარლამენტები, რომლებიც შემდგომი ხელისუფლების მიერაც კი ოფიციალური სამართლებრივი აქტებით  არალეგიტიმურად არის ხოლმე აღიარებული და ყოველთვის წყდება.სხვათა შორის, თუ ასეთი პროცედურა ტარდება, მათ მიერ მიღებული კანონების და გადაწყვეტილების ბედი მაინც მოწმდება ხოლმე, შეიძლება დადგინდეს, რომ მიუხედავად არალეგიტიმურად აღიარებისა ხელისუფლების, კანონები მაინც ძალაში დარჩეს.

ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, ლეგიტიმაციის საკითხი, მე მგონია, რომ მოსარჩელეს არ ესმის იმგვარად, როგორიც არის დოქტრინაში და როგორიც არის სამართლებრივ წარმოებებში სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ და ევროპის სასამართლოს მიერ. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პოლიტიკური საკითხი უმეტესწილად, ამიტომ ვერ გახდება წინაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული მკაფიოდ სამართლებრივი საკითხისა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების დამხობას უკავშირდება. კვლავ გავიმეორებ: ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და არც მისი კონსტიტუციური წყობილება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, მოქალაქეს შეუძლია ეს ხელისუფლება საკუთარ ხელისუფლებად არ აღიაროს, მაგრამ მის მიერ მიღებული კანონები შეასრულოს.

„ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია პარტიების გაუქმების საკითხთან. ეს არ უდრის კანონების არაღიარებას და საქართველოს კანონების შეუსრულებლობას. არ არსებობს ესეთი ტოლობის ნიშანი. სხვადასხვა მოვლენაა საერთოდ. მათ შორის მოქალაქეს შეუძლია ეს ხელისუფლება საკუთარ ხელისუფლებად არ აღიაროს, მაგრამ მის მიერ მიღებული კანონები შეასრულოს. ეს განსხვავებული თემებია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.

მხარეებისადმი მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, განხილვა მხარეების  მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით დაიწყო.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].