მის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა პროსახელისუფლებო ტელევიზიის „პოს ტვ“-ის ეთერში ჩართვის გამოც.
„მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე...
დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - წერს ლევან იოსელიანი.
დღეს, 17 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება.
დემონსტრანტებმა მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე წერია: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი - რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ლევან იოსელიანმა ბოლო პერიოდში ორი განცხადება გააკეთა:
- მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება;
- აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა.
საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.
პროევროპული აქციების მოთხოვნაა ასევე აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გადაღებული აქვთ მედიასაშუალებებს. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დასჯილი.