ლუკა მატკავა: "სქარლეთსი მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება"

1 week ago 5

ჩელენჯ თასის პირველ ტურში ტოპ 14-ის ‘ვანთან’ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ (22:19), ‘შავი ლომის’ მოთამაშეებმა ცოტა დაისვენეს და 15 დეკემბერს უელსში, ‘სქარლეთსთან’ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

ჰლანეჰლიში, Parc y Scarlets-ზე თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართულ გუნდს ფლეი ოფში პირველად გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება.

23 წლის ლუკა მატკავა 305 ქულით ‘შავი ლომის’ საუკეთესო მექულეა. ‘ვანთან’ მან გუნდს 5 ჯარიმითა და ერთი გარდასახვით 17 ქულა შესძინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

“ეს არაფერს ნიშნავს და სრულად თანაგუნდელების დამსახურებაა. ბიჭებმა შექმნეს მომენტები, რომლებიც მე გამოვიყენე” - აღნიშნავს მატკავა და განვლილ შეხვედრას აფასებს:

“რთული თამაში გამოვიდა. მანამდე ვითამაშეთ რაგბი ევროპის სუპერ თასი, რის შემდეგაც ასეთი მაღალი დონის ტურნირზე გადართვა მოგვიწია, რაც ძალიან რთულია. თუმცა ამოცანას თავი კარგად გავართვით და მიუხედავად შეცდომებისა შეხვედრა პოზიტიური შედეგით დავასრულეთ. კარგია, რომ ასე მოხდა და წაგებულ თამაშზე არ მოგვიწია რაღაცეების სწავლა”.

“ვფიქრობ, ძალისმიერ თამაშში თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ალბათ, უფრო დისციპლინის პრობლემები გვქონდა. ძალიან ბევრი ელემენტარული ჯარიმა ავიღეთ და შემდეგი თამაშისთვის სწორედ ეს გვაქვს გამოსასწორებელი. ‘ვანთან’ მოგება თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობა შეგვიძლია და უელსშიც ბევრად უფრო თავდაჯერებულები მივდივართ”.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა