მაკრონმა ივანიშვილისგან დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა – ელისეს სასახლე

1 week ago 6

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ და მოითხოვა, გაათავისუფლონ ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებები“, —
ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის გათვალისწინებით.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ოცნების“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

„ქართული ოცნება“: მაკრონმა ივანიშვილს დაურეკა

სრულად წაკითხვა