მანანა ციცქიშვილი: „ისეთი ნაწარმოებები ამოიღეს პროგრამიდან, რომლებიც მთელი სიცხადით გამოხატავს ჩვენს ეროვნულობას“

1 week ago 4

შორენა მარსაგიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა გაიცხრილა. ამას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გვითხრა, რომ ეს მოსწავლეების თხოვნით გააკეთეს. აქ საინტერესო ისაა, რომ ძირითადად ის ნაწარმოებები ამოიღეს, რომლებიც ჩვენს ეროვნულობას გამოხატავდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ისტორიის პროგრამიდან ამოიღეს: 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832 წლების აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ.

რას ფიქრობენ მოსწავლეები სასწავლო პროგრამის გაცხრილვაზე? რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ მომავალში ამ მიმართულებით? როგორია ამ ცვლილებებზე ბავშვების რეაქცია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგი მანანა ციცქიშვილი:

_ ქალბატონო მანანა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის გაცხრილვაზე რას ფიქრობთ?

_ წელს ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია: 1802, 1804, 1812, 1819-20 წლების აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ. ქართულის პროგრამაში შესული ცვლილებებიც ძალიან მძიმეა. ამოღებულია: სულხან-საბას იგავები; გურამიშვილის თავები; „გოგჩა; „საღამო გამოსალმებისა“; „პასუხი შვილთა“; „პასუხის პასუხი“; „არ უკიჟინო სატრფოო“; „ცისა ფერს“; „ხმა იდუმალი“; „სულო ბოროტო“; „ვპოვე ტაძარი“; „ბედნიერი ერი“; „ჩემო კალამო“; „განდეგილი“; „აჩრდილი“; „აღმართ-აღმართ“; „სულიკო“; „ქებათა ქება“; „ხევისბერი გოჩა“; „რამ შემქნა ადამიანად“; „იას უთხარით ტურფასა“; „ბახტრიონი“; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“; „ყვარყვარე თუთაბერი“; „მშობლიური ეფემერა; „ლექსი მეწყერი“; „ნინოწმინდის ღამე“ და „მკვდართა მზე ვარ“.

დღევანდელი სახალხო პროტესტის ფონზე ძალიან უსუსურად გამოიყურება მთავრობის მხრიდან საგამოცდო პროგრამაში ჩარევა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მზადების პროცესში აბიტურიენტისთვის იმის მითითება, თუ რა მასალაა მისთვის ყურადსაღები, რა _ უფრო მნიშვნელოვანი და რა _ საერთოდ გადასაგდები! ეს მიუღებელია მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, ზოგადად ყველასთვის, მთელი ქართველი საზოგადოებისთვის.

_ თქვენი, როგორც მასწავლებლის აზრით, მაინც, რა მოხდა დღეს? რატომ დაჩეხეს პროგრამა?

_ ქართული სულის ჩაკვლა მოუნდათ უხეშ კაცუნებს და გადაწყვიტეს, ისეთი ნაწარმოებები ამოიღონ პროგრამიდან, რომლებიც მთელი სიცხადით გამოხატავს ჩვენს ეროვნულობას! ლიტერატურა ხომ ცხოვრების სარკეა, იქ ყველაფერი ჩანს: ქვეყნის ავ-კარგი, ტრადიციები, რწმენა, სიყვარული, სიხარული, სევდა, ნაღველი და ის უდიდესი პატრიოტიზმი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით კი _ ახალი თაობისთვის. რა ვასწავლოთ ბავშვებს? დავუმალოთ სიმართლე? რატომ?

_ ვის სურს სიმართლის შელამაზება?

_ იმას, ვისაც არ უნდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის განაწყენება! სიმართლე დამნაშავის გამოაშკარავებაა და რუსეთს ეს არ მოსწონს. ის ადამიანები, რომლებიც თბილად არიან მოკალათებულნი სამთავრობო სავარძლებში, რუსეთის მაამებელ ნაბიჯებს დგამენ და ამით უკან გვაბრუნებენ, უკან კი სიბნელე და ცუდი მოგონებაა. რაც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს, სიმართლე მაინც არ დაიმალება. ლიტერატურა ინახავს ყოველივეს და მისი საგამოცდო პროგრამიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ არ წავუკითხავთ, არ ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს იმ შედევრებს, რომლებზეც ჩვენ აღვიზარდეთ, ჩვენი წინაპრები აღიზარდნენ! ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია: უნდა ვასწავლოთ და თან ობიექტურად ავუხსნათ ქართულ-რუსული ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, არ დავუმალოთ სიმართლე და მერე თავად მიხვდებიან, აირჩიონ სწორი გზა, რომელიც ევროპულ ღირებულებასა და ქართულ ფასეულობაზე იქნება დაფუძნებული თუ არა. „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“, _ ეს გენიალური ვაჟა-ფშაველას ოქროს სიტყვებია იმ პუბლიცისტური წერილიდან, რომელიც ამოფხრიწეს საგამოცდო პროგრამიდან ბოროტმა კაცებმა და გაახარეს რუსი ბიძიები, რომლებიც ქართველ ბავშვებს ევროპის კარს უკეტავენ და თავისკენ ექაჩებიან!

მათ „ბახტრიონიც“ ამოიღეს პროგრამიდან, სადაც ნათლად ჩანს გმირული სული და იმედი: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებმაც შეაწუხა ქართველთა მთავრობა, ალბათ იმიტომ, რომ იქ მხილებულია ადამიანის მანკიერი მხარეები, ასე უხვად რომ აქვთ „საოცნებო“ კაცებსა და ქალებს; ალბათ, არც დიდაქტიკოსი მწერლის ხედვა მოსწონთ და გეზი ევროპისკენ. ვინ იცის, რა იფიქრეს ან რა ამოძრავებდათ? იდუმალია მათი ოცნება, ქმედება და ფიქრები, რუსეთს რომ დასტრიალებს თავს.     

დავით გურამიშვილს რას ერჩოდნენ, რატომ ამოიღეს „დავითიანის“ თავების უმეტესობა?! რატომ გააქრეს პროგრამიდან მამათა და შვილთა ბრძოლის ამსახველი ლექსები _ „პასუხი შვილთა“ და „პასუხის პასუხი“?!

„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ _ კითხულობს ილია და ცდილობს, ჩაგვაფიქროს, დაგვანახვოს ჩვენი შეცდომები, მაგრამ ეს ლექსიც მოისროლეს! მედროვეებს არც „ყვარყვარე თუთაბერი“ მოუვიდათ თვალში, არც „ხევისბერი გოჩა“…

_ როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება სამუდამოა, თუ კიდევ არის მოსალოდნელი მსგავსი „სიურპრიზი“?

_ სამუდამო არ იქნება, ხვალ სხვა რამეს მოიფიქრებენ, ალბათ უფრო უმსგავსოს.

_ როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი?

_ ჯერ ვერ შევაჩერებთ, ამას დრო სჭირდება და რაც მთავარია, ისეთი ხელისუფალი, რომელიც ხალხზე იფიქრებს, რომელიც ეროვნულ საქმეს მოჰკიდებს ხელს, იზრუნებს თავის ქვეყანაზე და არა საკუთარი ჯიბის გასქელებაზე!

_ მოსწავლეებს მართლა აინტერესებთ, რა იქნება საგამოცდო პროგრამაში?

_ დიახ, რა თქმა უნდა! მე ძალიან განვიცადე, ვიტირე და ისინიც ატირდნენ; როცა შეკვეცეს საგამოცდო პროგრამა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.

მათ იციან სწავლის ფასი, მიზანდასახულები არიან, ნიჭიერები, გონიერები; სჯერათ ნათელი მომავლის, იციან, რა უნდათ და ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად.

საუკეთესო თაობა მოდის, მართლაც საამაყო, რომელიც იტყვის თავის სიტყვას და აგურსაც დადებს საქართველოს წინსვლასა და აღმშენებლობაში! ახალი საქართველო კი ლაღი და თავისუფალი იქნება, სწორედ ისეთი, როგორიც ქართველი ახალგაზრდობაა!

_ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საპროტესტო პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვამ. თქვენ, როგორც მასწავლებელი და როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამაზე? უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ბავშვები აქციებში?

_ მახსენდება 1989 წელი, 9 აპრილი, ყველა მიტინგზე ვართ. ერი გაერთიანებულია. პოლიცია მართლა გვიცავს! საქართველოს ებრძვის რუსეთი! იქ ყველაა _ უფროსი თაობა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები! როგორც დღეს.

ახლაც რუსეთი გვებრძვის და რა გასაკვირია, რომ მოსწავლესაც უნდოდეს მიტინგზე მისვლა და იმის თქმა, რომ თავისუფლება და ევროპული მომავალი სურს!

ახლა დუმილი ღალატს ნიშნავს, ამიტომაც აღიმაღლა ხმა ბაბუამ, მამამ, შვილმა და შვილიშვილმა! როგორ უნდა იჯდე სახლში მშვიდად, როდესაც საქართველოს ბედი წყდება, მომავალი თაობა გზას ვერ იკვლევს ევროპისკენ, რადგან რუსეთისკენ ექაჩებიან! ამიტომაც გაიფიცა ერი და ბერი, დიდი და პატარა. ვერავის ვერაფერს აიძულებ, ვერც აუკრძალავ.

ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა უნიათო, მოღალატე მთავრობამ, რომელიც ჩიხშია და ძალადობის მეტი არაფერი დარჩენია. ესეც გაივლის, მომავალი ჩვენია! ისტორიის სწორ მხარეს დადგომა კი ყველას ვალია, განურჩევლად ასაკისა! არასოდეს არის გვიანი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის საკეთილდღეოდ!

The post მანანა ციცქიშვილი: „ისეთი ნაწარმოებები ამოიღეს პროგრამიდან, რომლებიც მთელი სიცხადით გამოხატავს ჩვენს ეროვნულობას“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა