1
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიღბების ტარებისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას:
„დღეს, უწყვეტი პროტესტის 52-ე დღეს, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან მსვლელობით თემქის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ. მოქალაქეებმა პოლიციურ რეჟიმთან დაუმორჩილებლობის გამოხატვის მიზნით სახე ნიღბებითა და შარფებით დაიფარეს, რასაც 6 ადამიანის ძალადობრივი დაკავება მოყვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ და ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს, ერთ-ერთ დაკავებულის განყოფილებაში შეყვანისას შუშის კარები დაიმსხვრა. დაკავებულებს შორის არიან თეატრალური პლატფორმის “ჰარაკის” გუნდის წევრი – მარიამ პაიჭაძე, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი. აგრეთვე აქტივისტები – სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო. როგორც კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა.
სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს “ქართული ოცნებამ” დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს. მოქალაქეების გამოხატვის ფორმების კონტროლისა და თვითნებური აკრძალვების დაწესება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როცა შეკრებების დარბევისა და დაკავების დროს პრაქტიკულად ვერ ხერხდება სამართალდამცავების იდენტიფიცირება სწორედ ნიღბების ქონისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრების არ არსებობის გამო. “ქართული ოცნების” მიერ მართული და შეწყნარებული ე.წ. “ტიტუშკები” კი სწორედ ნიღბებში ძალადობენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.
ბოლო პერიოდის დაკავების ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმისა და არაპროპორციული ძალის დაუსაბუთებლად გამოყენება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა. როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 500-მდე ადამიანი. მათ დიდ უმრავლესობას აღენიშნება პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის კვალი. არც ერთი სამართალდამცავი პირი ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებული არ არის. უფრო მეტიც, არც ერთ პოლიციელს ამ დრომდე არ აქვს შეჩერებული უფლებამოსილება. ზემოთ განხილული აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთო სასამართლოებმა დაადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ პატიმრობა ან მაღალი ჯარიმები გამოიყენეს.
აღნიშნული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობამ რეპრესიული ბუნებას მიიღო და სამართალდამცავი ორგანოები სრულად პარტიული ინტერესებს დაექვემდებარა. ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეების მასობრივი დაკავება და მათზე ფიზიკური ძალადობა პროტესტის დასუსტებას და დასჯას ისახავს მიზნად და ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირება და მასობრივი ძალადობის პრაქტიკები მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე. უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ფონზე კი აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია არსებული ღრმა კრიზისის დაძლევის პოლიტიკური სტრატეგია. ამ რეალობას ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რომელსაც უმძიმესი და გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოებს:
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული პირები;
- საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებული პირების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.“