მელია ამბობს, რომ კალაძემ ნაძვის ხესთან ხალხის მიყვანა გამგეობებს დაავალა, მერიაში - უარყოფენ

1 week ago 4

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამი დღის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ხალხის მიყვანა გამგეობებს დაავალა. თუმცა გამგეობებმა დავალება წარმატებით ვერ შეასრულეს.

„ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით. დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1 000- 1 000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500 (მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).

ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები..", - წერს ნიკა მელია.

თბილისის მერიაში სიცრუეს უწოდებენ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მერმა „მხოლოდ ფეისბუქზე გააკეთა მოწოდება და ყველა დაპატიჟა, არანაირი დავალება არ ყოფილა“.

პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერიას, 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე უნდა აენთოთ. საზეიმო ცერემონია საღამოს შვიდ საათზე იყო დაგეგმილი.

რამდენიმე წუთით ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების ოთახიდან საახალწლო ნაძვის ხის ანთების გადადებაზე განაცხადა.

„ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყვეს სცენა.

ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.

რუსთაველის გამზირზე აქციას მართავდნენ პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ, პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილის არჩევის პარალელურად.

უკვე მე-17 დღეა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მერიას ნაძვის ხე უნდა აენთო, მთავარი საპროტესტო ადგილია. ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა