აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან ამერიკის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ყაზახეთის მოქალაქე ტიმურ პრალიევი დააკავა. ამერიკული მედიის ცნობით, დაკითხვის დროს პრალიევმა აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერში" იბრძოდა.
მისი დაკავება 4 იანვარს მოხდა. პრალიევი აპირებდა მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთას და ტეხასში გადასვლას. მამაკაცს აღმოაჩნდა 4000 აშშ დოლარი, 60 000 მექსიკური პესო (2895 დოლარი) და უპილოტო საფრენი აპარატი. დაკავების შემდეგ, პრალიევმა განაცხადა, რომ ის ყაზახეთის მოქალაქე იყო, მაგრამ ყაზახური პასპორტის გარდა, მას რუსულიც ჰქონდა. ამავე დროს, ყაზახეთის კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას.
გაურკვეველია თუ ზუსტად რას აკეთებდა პრალიევი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერში" და რატომ აღმოაჩნდა საზღვრის გადალახვისას დრონი. ფედერალური ადვოკატი, რომელიც მის ინტერესს იცავს, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
პრალიევს ბრალი ედება აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მან აღიარა თავისი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა ის ფედერალურ ციხეში რჩება, სანამ ხელისუფლება მის ბედს გადაწყვეტს.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის, რადიო "აზატიკის" ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში პრალიევის გვერდი და მისი ფოტოები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ მამაკაცმა ფონდ "მამულის დამცველთა" ფილიალის ხელმძღვანელისგან გაცემული, საბრძოლო ვეტერანის სერტიფიკატი მიიღო.
აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" აფრიკის ტერიტორიასა და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებში, სიკვდილით დასჯასა და ძალადობის სხვა აქტებში მონაწილეობდა.