ტელეკომპანია "იმედში" მომღერალმა ზურა მანჯავიძემ იმ ე.წ. ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პოლიტიკის გამო წარმოიშვა... ამ სატელევიზიო ეთერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
AMBEBI.GE მუსიკოს და ტელეწამყვან ზურა მანჯავიძეს ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ესაუბრა.
- ზურა, როგორ შეხვდით პრემიერ მინისტრ კობახიძის განცხადებას, რომ ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის საკითხს აღარ განიხილავს?
- ეს არასწორი ინტერპრეტაციაა... მე, როგორც თქვეს, ისე გავიგე, - რადგან 2028 წლამდე თვითონ არ გვიხსნიან დიალოგს, ჩვენ არ შეგეხვეწებით, არ გთხოვთ დიალოგის გახსნას. მანამდე მეტად მოვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მაინც, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა. ადამიანი რომ გეუბნება, 2030 წლამდე კარზე ნუ დამიკაკუნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რატომ არ მეხვეწებიო, ამ ამბავმა ცოტა თავმოყვარეობაზე უნდა იმოქმედოს.
- და ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ?
- ადამიანი გეუბნება, რომ 2030 წლამდე არ მიგიღებ, როგორც მავანი იტყოდა, ცალ ფეხზეც რომ დადგე, კარი დაკეტილიაო. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, რადგან დიალოგს არ გვიხსნიან, ამიტომ მთავრობამ თქვა, 2028 წლამდე აღარ გთხოვთ, არ მოვალთ, არ აგიტალახებთ კარს, არ შეგევედრებით, რომ დიალოგი გაგვიხსნათ. ამ თხოვნით 2028 წელს მოვალთ, რომ უფრო მომზადებული ვიყოთ, ეკონომიურად გაძლიერებული და თუ სურვილი გექნებათ, დიალოგი მერე გაგვიხსენით, რომ 2030 წლის შემდეგ მაინც განიხილოთ ჩვენი შეყვანა ევროკავშირში... მგონი, მარტივი იყო და ამხელა ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა.
- და ეს ხალხი, ამ დღეების მანძილზე ქუჩაში ტყუილად დგას?
- მაგათ სხვანაირად გაიგეს, მე ასე გავიგე. ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში. ვინც როგორ გაიგო, იმის მიხედვით აკეთებს დასკვნას.
წყარო: ambebi.ge