"ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს - ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა გამომძიებლის მიერ დაკავებულის ოჯახისთვის მიწოდებული ცნობებზე დაყრდნობით, რამდენიმე წუთში კი ადვოკატებმაც დაადასტურეს.
მზია ამაღლობელთან დაკავების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ შესვლის შესაძლებლობა ადვოკატებს - საბოლოოდ მასთან უფლებადამცველები 12 იანვრის 3:30 საათისთვის შევიდნენ. ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ თქვეს რომ მზია ამაღლობელს ბათუმში მდებარე იზოლატორში დატოვებენ და სავარაუდოდ ორ დღეში ბრალსაც წაუყენებენ.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს.
ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა - დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.