ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალურ დირექტორს გიორგი გაბუნიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია.
გაბუნიამ 11 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ ოქუაშვილმა გადაწყვიტა არხი დახუროს და ფაქტობრივად, ჩაერთოს „ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჟურნალისტებზე და მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს.
გიორგი გაბუნიას პასუხად გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა, ზაზა ოქუაშვილი საუბრობს „მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „გეგმის ნაწილზე”, რათა „მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა”.
„მთავარ არხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა იგივეა”, - წერია ოქუაშვილის განცხადებაში.
ტელეკომპანიის თანამფლობელის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, ჰქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და უთხრა, რომ „მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა”, ტელეკომპანიის დახურვაზე არც უფიქრია და გამოთქვა მზადყოფნა, არხს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად:
„მთავარი არხის პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად”.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო დავას, ამიტომ „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია” გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული „ცუდად შეფუთული ბრალდება„ ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ:
„მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს მთავარ ოპოზიციურ პარტიად ქცევის შესახებ. როგორც სჩანს „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას”.
ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სურს „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
ტელეკომპანია „მთავარი არხი" 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
2020 წლის მაისში „მთავარი არხის" მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი".