,,მინდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავხსნა, რატომ არის გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთილი და ორგანიზებული“ – მეზვრიშვილი

9 hours ago 3

4

გახარიას პარტიის წევრი, ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი:

,,მინდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავხსნა, რატომ არის გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთილი და ორგანიზებული:

1. 2024 წლის 21 ოქტომბერს ივანიშვილი „იმედის“ ეთერიდან გახარიას დაემუქრა. ეს მუქარა განსხვავებული იყო მისი ყველა სხვა წინა მუქარისგან (რომელიც მრავლად ყოფილა) შინაარსით და ინტონაციით;

2. 2025 წლის 15 იანვარს, მუქარიდან 3 თვეში, გახარიას ჯგუფურად თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ. ამ ადამიანებს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის ივანიშვილი იყენებს (და ამისი პრაქტიკა მრავლად არსებობს);

3. გახარიას ადგილსამყოფელის დადგენა და მისი მოძრაობის მარშრუტის კონტროლი მხოლოდ სუს-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი. სუს-ი ყოფილ პრემიერს და ოპოზიციის ლიდერს ვერ უთვალთვალებს ივანიშვილის ნებართვის და მითითების გარეშე, მითუმეტეს, ამ ინფორმაციას ვერ აწვდის თავდამსხმელებს;

4. ყოფილ პრემიერზე ივანიშვილის ნებართვის და მითითების გარეშე თავდასხმის გაბედვა პრაქტიკულა გამორიცხულია. „ოცნებაში“ ყველა კარგად აცნობიერებს ამას რამხელა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ივანიშვილისთვის და ამაზე წამსვლელი და შესაბამისად მისთვის პრობლემების შემქმნელი, მისი ნებართვის გარეშე არავინაა;

5. პოლიცია, რომლის უფროსი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ვახტანგ გომელაურია, შემთხვევის ადგილზე განზრახ გამოცხადდა დაგვიანებით, რამდენჯერმე გამოძახების შემდეგ და შემთხვევის ადგილის „დაცვა“ დანაშაულიდან 4 საათის შემდეგ მაშინ დაიწყო, როცა ყველაფერი განადგურებული იყო. ასეთი რამე არ ხდება შემთხვევით. ბოლო-ბოლო ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს დაესხნენ თავს;

6. თავდამსხმელები წინასწარ მობილიზებულები იყვნენ თავდასხმის გადასაღებად. დადგენილი პრაქტიკით, ასეთი გადაღებები, დანაშაულის ამსახველი ვიდეო-მასალის ივანიშვილისთვის გასაგზავნად ხდება. სპონტანური თავდასხმისას გადაღებაზე არავინ ფიქრობს;

7. რომ არა ივანიშვილის მითითება და ინტერესი, პროკურატურა ამ დრომდე არ იქნებოდა უმოქმედო;

8. თავდასხმიდან უმოკლეს დროში ივანიშვილის დე-ფაქტო პრემიერმა და სპიკერებმა საჯაროდ აღიარეს თავდასხმა. მათ მიერ გაჟღერებული თავდასხმის „მოტივი“ ერთი-ერთში იმეორებს ივანიშვილის მიერ 21 ოქტომბერს გაჟღერებულ მუქარის „მოტივს“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სახელი ოფიციალურად არის მოხვედრილი განცხადებაშიც, რომელიც პროკურატურაში შევიტანეთ და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის ოქმშიც.

ზემოაღნიშნულის გამო, არ არსებობს ამ თავდასხმის საქმის ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინების და მისი მინიმუმ გამოკითხვის გარეშე. მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გვერდს ვერავინ აუვლის. როდესაც ახალი არჩევნები ჩატარდება და შესაბამისი მართლმსაჯულების სისტემა გვექნება, ეს საქმე აუცილებლად უნდა მივიდეს ლოგიკურ შედეგამდე ისევე, როგორც ივანიშვილის მიერ ორგანიზებული სისტემური წამებების და სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის საქმეები.

არანაირად არ გამოვა ამოფარება „ოცნების“ უსახელო, ჩმორ, წარმომადგენლებზე. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.“

სრულად წაკითხვა