მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება და ელჩებს არ მიიწვევენ

1 day ago 3

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტშივე გაიმართება. ეს ცნობა "რადიო თავისუფლებას" პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციის გაცემა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მიზეზად „სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე“ სახელდება. ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები („ხმოსნები“ - პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები), მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

ელჩები, წინა მოწვევის პარლამენტის სხდომებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ არ მიუწვევია არც 25 ნოემბერს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, - რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მაშინ თქვა, რომ ეს არის „შიდასახელმწიფოებრივი საკითხი“ და „უცხოეთის გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას 14 დეკემბერს „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა. არჩევნები დემონსტრაციების პარალელურად ჩატარდა.

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პარლამენტსა და მიხეილ ყაველაშვილის არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

სრულად წაკითხვა