“მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა” – მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების განცხადება

3 weeks ago 9

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. 

“მოზაიკა” მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენი, მასწავლებლების, უმთავრესი მიზანია, უზრუნველვყოთ ახალგაზრდების მაღალი დონის განათლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება და ქვეყნისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბება. განათლება არის საქართველოს განვითარების ფუნდამენტი, ხოლო ევროპული ღირებულებები და სტანდარტები – ჩვენი განათლების სისტემის გაუმჯობესების გარანტი.

მრავალი წელია, მასწავლებლების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიწოდებისკენ, არამედ მომავალი თაობებისთვის უკეთესი და განვითარებული ქვეყნის შექმნისკენ.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და ისტორიული არჩევანია. ევროკავშირის წევრობა განათლების სფეროს შესაძლებლობების გაფართოებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ამ გზიდან გადახვევა კი შეაფერხებს პროგრესს, რაც შეიძლება უდიდეს დარტყმად იქცეს ჩვენი მომავლისთვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ განათლების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების გავრცელებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 78-ე მუხლის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის – უგულებელყოფა შეუთავსებელია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან.

ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, ერთგულნი ვრჩებით ჩვენი საზოგადოების პროგრესისა და ქვეყნის ევროპული მომავლის”. 

განცხადებას ხელს აწერენ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები შიდა ქართლიდანაც:

  1. ნინო ფსუტური
  2. მიმოზა ღოლიჯაშვილი
  3. თეა ნონიკაშვილი
  4. ლელა წურწუმია
  5. ნინო ნიპარიშვილი
სრულად წაკითხვა