მოლდოვამ თავის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის გამო რუსეთს მორიგი პროტესტი გამოუცხადა. 18 ნოემბერს კიშინიოვში, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.
- მოლდოვის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე შვიდი დრონი 17 ნოემბერს, მეზობელ უკრაინაზე რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის დროს შევიდა. ერთი მათგანი დედაქალაქ კიშინიოვის თავზე იმყოფებოდა.
- შვიდიდან ექვსი აპარატი სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
- მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე დროებით დახურა.
კიშინიოვის პროტესტი და რუსეთის ელჩის რეაქცია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩისთვის გადაცემულ ნოტაში, რომელიც პირველი არ არის, დაგმო ქვეყნის სუვერენიტეტის დამრღვევი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას.
კიშინიოვი მოსკოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და პატივი სცეს მოლდოვის საჰაერო სივრცეს და საზღვრებს.
- მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონები ადრეც არაერთხელ შეიჭრნენ. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის შემდეგ, 2026 წლის აგვისტოში კიშინიოვმა მოსკოვიდან კონსულტაციებისთვს ელჩიც გაიწვია.
რუსეთის ელჩმა ოზეროვმა 18 ნოემბერს კიშინიოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არავის არცერთხელ არ დაუმტკიცებია, რომ პირველი - ეს რუსული დრონები იყო. მეორე - რომ ისინი მიზანმიმართულად გამოჩნდნენ მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიის თავზე“.
ოზეროვის განცხადებით, კარგია, რომ რუსეთი მიწისძვრაშიც არ დაადანაშაულეს. რუსეთის ელჩი გულისხმობდა გასულ ღამით რუმინეთში მომხდარ 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელიც მოლდოვაშივ იგრძნობოდა.
18 ნოემბერს დილით მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ ნასლავიჩის რაიონში, ტყეში ნაპოვნი ნამსხვრევები „გერბერა 2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატისაა. ამ ტიპის დრონებს რუსეთი აწარმოებს.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დრონების შეღწევისა და ჩამოვარდნის არაერთი ფაქტი იყო ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებშიც, რუმინეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიეტუვასა და ფინეთში.
- ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები, რომლებიც კიევის თანახმად, კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.
radiotavisupleba ახალი ამბები