უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გასული ღამიდან დაიწყეს.
შედეგები
20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქ კიევის გოლოსიივსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დრონი ავტოგასამართ სადგურთან ჩამოვარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა კიევი-ოდესის ავტომაგისტრალზე, სადაც რუსული დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ორ მსუბუქ ავტომობილს.
კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. საგანგებო სუტიაციების სამსახურის ინფორმაციით, დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, ენერგოობიექტებსა და საწარმოებზე დარტყმა იყო ოდესის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ლვოვის, ვოლინის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ბევრ რაიონში შეწყვეტილია ელექტრენერგიის მიწოდება. დანგრეული და დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეპეტივის რაიონში დაზიანდა ეკლესიის ფასადი, ფანჯრები და სამრეკლო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმსაც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლები და ადმინისტრაციული შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.
radiotavisupleba ახალი ამბები