“მხარს ვუჭერთ ქუჩაში დღედაღამ მდგომ მამაც და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს” – აქტივისტები აზერბაიჯანიდან

2 weeks ago 4

ავტორი: ემინ ასადოვი


“მე არ მსურს მეორე ქვეყნის დატოვება თავისუფლების ნაკლებობის გამო”. როგორ უყურებენ აზერბაიჯანელი ემიგრანტები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს?

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველო აზერბაიჯანის ასობით მოქალაქის “მზრუნველ სამშობლოდ” იქცა. მათ შორის არიან პოლიტიკური ემიგრანტები, რომლებმაც უსაფრთხოების ან იდეოლოგიური მიზეზების გამო აზერბაიჯანი დატოვეს და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდნენ, და ადამიანები, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებული პოლიტიკასთან, მაგრამ რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ კასპიის სანაპიროს მდინარე მტკვირის სანაპიროს ამჯობინებენ.

2024 წლის გაზაფხულიდან – ანუ იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ყველა მზარდი განგაშით ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თუკი 26 ოქტომბრამდე იმედოვნებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ყველაფერს დაალაგებდა, ახლა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების იმედი აქვთ.

ზოგი მათგანი უკვე “ჩემოდნებზე ზის”, ემზადება უსაფრთხო ქვეყანაში გადასასვლელად, ზოგიც ცდილობს არაფერში ჩაერიოს და ხვდება, რომ აქ “ფრინველის უფლებებით არიან (ყველაზე ხშირად – ბინადრობის ნებართვის გარეშე), ხოლო დანარჩენები კი მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და იცავენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარ მომავალსაც.

“მხარს ვუჭერ იმას, თუ როგორ იცავს ქართველი ხალხი თავისუფლებას”

აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი ლეილა ნაგიევა ორი წელია თბილისში ცხოვრობს. მან საქართველოში მცხოვრებ მეგობრებთან და თანამემამულეებთან ერთად აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად კამპანია მოაწყო.

“ჩვენ შევაგროვეთ სოლიდური თანხა და ვყიდულობთ პირველადი მოხმარების ნივთებს – ცხელ სასმელებს, საკვებს, ფიზიოლოგიურ ხსნარებს და ა.შ., რომ მხარი დავუჭიროთ ქუჩაში დღედაღამ მდგომ მამაც და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს,” – ამბობს ლეილა.

გოგონა ამბობს, რომ თავისუფლება მისთვის ფუნდამენტური ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს:

“ცხოვრების უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანში გავატარე და ვიცი, როგორ შეიძლება თავისუფლების დათრგუნვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ. მე მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის თავისუფლებას. ეს აზერბაიჯანში დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდება”.

ლეილა ნაგიევას თქმით, ახლა მას არც კი სურს იფიქროს იმაზე, თუ რა მოხდება, თუ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩახშობილი იქნება. ამ შემთხვევაში, ის თავისთვის ორ ვარიანტს განიხილავს: სოფელში გადასვლასა და ბუნებაში ცხოვრებას, ან ქვეყნიდან წასვლას. მაგრამ მას ნამდვილად არ სურს საქართველოდან წასვლა:

“ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. უკვე მენატრება ხოლმე აქაურობა, როდესაც აქ არ ვარ. მენატრება ხალხი, ქალაქი, ბუნება და საკვები. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა არსებობს. არ მსურს, მეორე ქვეყნის დატოვება თავისუფლების არქონის გამო”.

“პროცესების არაპროგნოზირებადობა მღელვარებას იწვევს”

არიფს [სახელი შეცვლილია] საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, რამდენადაც მისთვის, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანში ცხოვრება საფრთხისშემცველი იყო. მისი თქმით, დღეს უკვე თბილისიც, სადაც ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო,  მისთვის ასევე არანაკლებ საფრთხისშემცველ ადგილად იქცა.

არიფს ასევე არ სურს საქართველოდან წასვლა, მაგრამ ამჟამინდელი მოვლენების განვითარების ფონზე სულ უფრო იხრება ამ იდეისკენ. ის შიშობს, რომ აქციები და პოლიციის ძალადობის ესკალაცია შესაძლოა გადაიზარდოს უფრო სერიოზულ და სიცოცხლისთვის სარისკო ვითარებაში, და რომ სიტუაცია შეიძლება სრულად გამოვიდეს კონტროლიდან:

“ამ პროცესების არაპროგნოზირებადობა მაღელვებს, უცნობია, რა მიმართულება შეიძლება მიიღოს მოვლენებმა. შესაბამისად, ახლა, როგორც არასდროს, ვფიქრობ წასვლაზე”.

“არ წავალ მაშინაც კი, თუ “ოცნება” ხელისუფლებაში დარჩა”

მისი კოლეგა, ჟურნალისტი აიტან ფარხადოვა, პირიქით, არ განიხილავს ქვეყნიდან წასვლას. ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო, მას შემდეგ რაც საქართველოში “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ კანონი იყო მიღებული და ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ წავიდა. ერთხელ, ხუთი წლის წინ აიტანი უკვე გაექცა ანალოგიურ პრობლემებს აზერბაიჯანში, კიდევ ერთი ქვეყნიდან გაქცევას კი, ამბობს, რომ აღარ გეგმავს.

“ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, რომelic თითქმის ერთი წელია აპროტესტებს ჯერ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს, ახლა კი არჩევნების გაყალბებულ შედეგებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას. რადგან ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მცდელობა, ჩაახშოს დემოკრატია საქართველოში.

მე მთლიანად მომიტინგეების მხარეს ვარ. მე საქართველოს მხარეს ვარ, მაწუხებს ქართული დემოკრატიის ბედი, მთლიანად ამ ქვეყნის ბედი,” – ამბობს აიტანი.

ის თითქმის ყოველდღე მიდის პარლამენტის შენობასთან, ესაუბრება აქციის მონაწილეებს და აკვირდება. მასთან ერთად დადის მისი 16 წლის ვაჟი – მას არ სურს დედის მარტო დატოვება.

“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს დემოკრატიაზე, ისინი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება ახლა აკოპირებს აზერბაიჯანულ მოდელს, მან ზუსტად იგივე კურსი მიიღო და ეს საშინელებაა,” – ამბობს აიტანი.

თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, აიტანი მაინც გეგმავს საქართველოში გააგრძელოს ცხოვრება.

ალიევის რეჟიმს გამოქცეული ან სხვა მიზეზებით საცხოვრებლად გადმოსული არც სხვა აზერბაიჯანელები ჩქარობენ საქართველოს დატოვებას უკეთესი მოლოდინის იმედით.

სრულად წაკითხვა