ნანა შონია: „ჩემი ჩაცმის სტილი მოდიდან არასოდეს გადავა“

1 week ago 14

 „ჩემი ჩაცმის სტილი მოდიდან არასოდეს გადავა“„სარკე“

მსახიობ ნანა შონიას თეატრალურ სამყაროში ყველასგან გამოარჩევთ გამორჩეული სტილით, მკვეთრად ინდივიდუალური იმიჯით. მის გარდერობში დიდი სიჭრელეა, მაგრამ მაინც არის რამდენიმე ძირითადი ფერი, რომლებიც ძალიან უყვარს – წითელი, ლურჯი, ბორდოსფერი… შინაგანი სამყარო მის სამოსთან სრულ ჰარმონიაშია. დარწმუნებულია, რომ ის, რაც აცვია, მოდიდან არასოდეს გადავა. მისდევს პრინციპს – მოდაშია ის, რაც გიხდება და რაშიც თავს კარგად გრძნობ.

– ქალბატონო ნანა, თქვენი ჩაცმის სტილს რას დაარქმევდით?

– ჩემს სტილს დავარქმევდი თავისუფალს. ჩაცმულობაში ხან აღმოსავლური ელემენტები შემაქვს, ხან კი – რომანტიკული, რაც ძალიან მომწონს.

გიყვართ ტანსაცმლის ყიდვის პროცესი? გსიამოვნებთ, როცა სახლიდან ამისთვის გადიხართ?

– ხანდახან სულ არ ვაპირებ რამის ყიდვას და სპონტანურად შევიძენ ხოლმე რაღაცას. შოპინგი ყველა ქალს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც მსიამოვნებს საჩუქრების ყიდვა. ხშირად ასე ხდება, სხვა რაღაცის საყიდლად შეიძლება წავიდე და შინ სხვა შენაძენით დავბრუნდე.

 „ჩემი ჩაცმის სტილი მოდიდან არასოდეს გადავა“– მაგალითად, შეიძლება ჭურჭლის საყიდლად წახვიდეთ და კაბით დაბრუნდეთ?

– ჭურჭლის საყიდლად რომ გავიდე, გზაში აუცილებლად საყურეს ვიყიდი ან შარფს.

– ანუ აქსესუარია ნივთი, რომელიც თავბრუს გახვევთ და ყველა ვარიანტში მის საყიდლად მიგიწევთ გული?

– ალბათ ასეა. შარფები იმდენად მიყვარს, რომ მჩუქნიან კიდეც. აქსესუარისთვის სამოსიც კი შემიძენია. თითქმის ყველა ფერის სამკაული მაქვს. გამორჩეულად მაინც საყურეები და შარფები მიყვარს.

– მნიშვნელობა არ აქვს, სამკაული ბიჟუტერია იქნება თუ ძვირფასი ნაკეთობა?

– მიყვარს ოქროც, ვერცხლიც, განსაკუთრებულად მომწონს ხელნაკეთი აქსესუარები, ავტორისეული.

– გარდერობში ყველაზე მეტი რა გაქვთ – კაბა თუ შარვალი?

– შარვალი ალბათ სულ რამდენიმე მაქვს, რადგან მაინცდამაინც არ მიყვარს. კაბაში უკეთესად ვგრძნობ თავს. მიმაჩნია, რომ ქალს კაბა გაცილებით უხდება. შარვალს მხოლოდ მაშინ ვიცვამ, თუ ძალიან ცივა.

– თქვენი საყვარელი ფერი რომელია?

– ძალიან ბევრი საყვარელი ფერი მაქვს, პირველ რიგში, წითელი, რომლის ყველანაირი ტონის სამოსი მაქვს გარდერობში. მიყვარს ხასხასა და ნათელი ფერები.

– თქვენი აზრით, ყველა კაბას თავისი ფეხსაცმელი სჭირდება? ყელანაირი სამოსისთვის გაქვთ შესაფერისი ფეხსაცმელი?

– სასურველია, მაგრამ ეს დიდი ფუფუნებაა. ყოველთვის მაქვს გარდერობში კლასიკური ფეხსაცმელი. ძალიან მაღალ ქუსლზე ფეხსაცმელს ვერ ვხმარობ. მიყვარს ე.წ. ტრაქტორები, კარგად ვიყენებ.

– როგორია თქვენი საწვეულებო კაბა?

– ჩემი საწვეულებო კაბები აუცილებლად ყვავილებით და მაქმანებითაა გაწყობილი. ბევრ აქსესუარსაც ვუხამებ. თან ყოველთვის ისეთ კაბას ვიკერავ, რომ მერე ყოველდღიურადაც გამომადგეს. ერთი საღამოსთვის კაბას ვერ შევიკერავ. ეს ფუფუნებაა და ამის საშუალება არ მაქვს. კაბებში დიდ თანხას არასოდეს ვიხდი.

– მოდას ყოველთვის მიჰყვებით?

– რაღაც დეტალებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაგრამ მოდას ფეხდაფეხ არ მივყვები. ჩემი ჩაცმის სტილი ისეთია, როგორიც მოდიდან არასოდეს გადავა. მოკლე კაბა შემოვა თუ განსხვავებული სილუეტი, ჩემს სტილს არსებობის უფლება ყოველთვის ექნება.

– მოკლე კაბა ახსენეთ და ზოგადად რას ფიქრობთ გამომწვევ, სექსუალურ ჩაცმულობაზე?

– ზოგს ასეთი სამოსი ძალიან უხდება. მე კი გამომწვევ ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. შეიძლება დახურული სამოსი გეცვას და მაინც გამომწვევად გამოიყურებოდე და პირიქით, მოშიშვლებული სხეული არავულგარული და ესთეტიკური იყოს.

– როგორი ჩაცმულობა შეიძლება გააკრიტიკოთ?

– ხშირად მითქვამს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არასწორად აცვიათ. ამაზე გული მწყდება. ზოგჯერ კარგი გარეგნობის ადამიანები არასწორად შერჩეული სტილით აგებენ. სწორი ჩაცმა და სტილი გადამწყვეტია. ევროპული გარეგნობის ადამიანს რომ აზიურად აცვია, ან პირიქით, აღმოსავლური გარეგნობის ადამიანს – დახეული ჯინსები და მაისური, არ მომწონს. ჯინსი და მაისური ძალიან პრაქტიკულია და ხანდახან გული მწყდება, რომ ეს ჩემეული არაა.

ჩემს სტილს ბევრი დრო სჭირდება: შარფი სამოსს უნდა შეუხამო, შარფს კი – საყურეები, თავზე რაღაც მოიხვიო და ა.შ. მაგრამ მე ამის გარეშე არ შემიძლია. ჩაცმით და სამოსის შერჩევით ვერთობი. უნდა ვთქვა, ეს დიდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ იაფად გამოვდივარ. სამოსის შერჩევა და ერთმანეთთან შეხამება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემთვის აზარტი და ერთგვარი ჰობია.

„სარკის“ არქივი

სრულად წაკითხვა