ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისადმი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს.
რიუტემ გერმანულ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ზელენსკის არაერთხელ უთხრა, რომ შოლცის მიმართ კრიტიკა უნდა შეეწყვიტა, რადგან მისი აზრით, ეს სამართლიანი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს, კიევის უკმაყოფილებას იწვევს შოლცის უარი, უკრაინის არმიას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები Taurus-ი.
ზელენსკიმ შოლცი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა.
2 დეკემბერს ოლაფ შოლცი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია რჩება ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად და დამატებით 650 მილიონი ევროს იარაღს მიაწვდის.