არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც დაკავებული დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას.
საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებულ და ნაცემ ბიჭს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.
"უფლებები საქართველოს" ცნობითვე, პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო.
"მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.
მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„უფლებები საქართველოს“ განცხადებით, 4 დეკემბერს, დაკავებულების მონახულებისთანავე, ადვოკატმა მისი კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დიღმის იზოლატორს ოფიციალური განცხადებით მიმართა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე.
დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნით, 20 წლის ახალგაზრდასთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი ახალგაზრდის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება".
ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
"იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს.
„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით.
ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.