ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმია გამოცხადებული. დაღუპულია, სულ ცოტა, 25 ადამიანი.
ლოს-ანჯელესის დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, 43 კილომეტრზე გადაჭიმული ქალაქი მალიბუ, სადაც ამერიკელი მილიონერები და ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ, ტყის ხანძრებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლს სასწაულებრივად გადაურჩა ლურჯი ვინტაჟური ფურგონი, რომელსაც ჟურნალისტებმა „იმედის შუქურა“ უწოდეს.
ფურგონის მფლობელი, სერფინგის და სკეიტბორდის დიზაინერი მეგან კრისტლ ვეინრაუბი ამბობს, რომ მისი მეგობრები ფურგონს „ჯადოსნურ და იღბლიან ავტობუსს“ ეძახდნენ და მართლაც ასე გამოდგა.
„უბრალოდ, არ მჯერა, რომ ჩემი ავტობუსი ერთადერთია, რაც ხელუხლებლად გადარჩა. სიტყვები არ მყოფნის… ყველა სახლი დამწვარი რომ დავინახე, ვერ ვიჯერებ, რომ მხოლოდ ავტობუსი გადარჩა“, – უთხრა მან CNN-ს.
მანანა ბანძელაძე