ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება იყო

1 day ago 3

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. დეპუტატების ნაწილის დარბაზიდან გაყვანას დაცვის სამსახური ცდილობდა.

ოპოზიციონერ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს სურდა მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის გადაეცა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები - დაპირისპირება ამ ქმედებას მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატს დაცვის სამსახურის თანამშრომლები გადაღობნენ და ფოტოები გამოსტაცეს ხელიდან.

„TV პირველის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თქვა, რომ მის ოპერატორს პანღური ამოარტყეს. ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაუპირისპირდა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კი უკვე 28-ე დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა. მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

სრულად წაკითხვა