გურიელიძის თქმით, ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და სამინისტროს წარმომადგენელმა მიუყვანეს

13 hours ago 2

ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი ლაშა ბექაური პორშეთი ასეირნებდა, თბილისის ზოოპარკს გადაეცა.

ლაშა ბექაურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ბოკვერს ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გადასცემს, წარწერით: “ბოკვერი უკვე ზოოპარკშია”.

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთად მიიყვანეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო. ნეტგაზეთი ამ მიმართულებით დეტალების გარკვევას ცდილობს. უწყების პრესსამსახურში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ მათ ჩართულობას პროცესში.

ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ისინი ახლა ემზადებიან ზოოპარკში ლომის ბოკვრის დასაბინავებლად.


საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ნეტგაზეთმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გუშინ, 25 დეკემბერს ჰკითხა, გაცემული ჰქონდათ თუ არა სერტიფიკატი ცხოველის შემოყვანაზე. ასევე, შემოსავლების სამსახურსაც ვკითხეთ, მიმდინარე წელს დაფიქსირდა თუ არა ლომის ბოკვერი შემოყვანის ფაქტი.

სამინისტროს პრესსამსახურებში განგვიცხადეს, რომ ინფორმაციის მოკვლევას ცდილობენ.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ავტომანქანით ჭავჭავაძის გამზიზე მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს.

ნეტგაზეთმა მასთან დაკავშირებაც სცადა, რომ გაერკვია, თუ ვისია ბოკვერი და რა გზებით მოხვდა საქართველოში, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს.

სპორტსმენის გამოხმაურების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ზურაბ გურიელიძე: ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო

სრულად წაკითხვა