საქართველოს სახალხო დამცველს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკუთარი პოზიცია არ წარუდგენია - საკითხით სასამართლო სხდომაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი დაინტერესდა, რაზეც მოსამართლეებისგან მიიღო პასუხად „არა“.
„საკითხს ვსწავლობთ - რა პოზიცია გვექნება, ჯერ უცნობია“, - ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახალხო დამცველის მოადგილეს, თამარ გვარამაძეს და ჰკითხა, კიდევ რა დრო სჭირდება აპარატს საკითხის შესასწავლად მაშინ, როცა სარჩელის ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.
„ჩვენთვის ცნობილია ეს საკითხი, მიმდინარეობს ამ საკითხის დამუშავება და თუ მიიღებს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებას, რომ წარადგინოს მოსაზრება, აუცილებლად წარვადგენთ... ნამდვილად არ მაქვს იმაზე პასუხი, ვიდრე გითხარით. ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული“.
რადიო თავისუფლება: „ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ წარადგენთ?“
თამარ გვარამაძე: „ეს არ ნიშნავს, რომ არ წარვადგენთ. ამ ეტაპზე ვერც კის გეუბნებით და ვერც არას“.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენის ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
radiotavisupleba ახალი ამბები