უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ჩხრეკის შემთხვევაში

2 weeks ago 13

მას შემდეგ, რაც ოთხ დეკემბერს პოლიციამ არაერთი პოლიტიკური პარტიის ოფისი, ასევე, სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა დაიწყო, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში.

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, წერს:

  • „თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
  • სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
  • არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
  • შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა“.

მოქალაქეებისათვის ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შემთხვევაში რჩევები გამოაქვეყნა არასამთვრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.

„ამოღების ან ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელი ვალდებულია, ხელმოწერით გაგაცნოს სასამართლო განჩინება ან დადგენილება, რომლის მიხედვით ტარდება პროცედურა“, - წერს ორგანიზაცია.

4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზოციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია; ასევე, „ლელოს“ ორი წევრი.

ამავე დღეს ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.

ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.

არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია ჩხრეკას ატარებს მათს ბინებში.

სრულად წაკითხვა