პაპუაშვილი ნიღბებთან ერთად პიროტექნიკის რეგულირებასაც აანონსებს

2 weeks ago 8

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პიროტექნიკის რეგულირებასა და აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვას აანონსებს. მისი ინფორმაციით, პარლამენტი ამ საკითხებს მიმდინარე კვირაში განიხილავს.

პაპუაშვილმა თქვა, რომ ორივე ეს საკითხი აქამდეც განიხილებოდა პარლამენტში “ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანი არის ვიმოქმედოთ სწრაფად”.

დემონსტრაციისას სახის დაფარვის აკრძალვის საჭიროებაზე საუბრისას პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმის აუცილებლობაზე, რომ პოლიციას უნდა შეეძლოს აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება. თუმცა, პაპუაშვილს არ უხსენებია თავად სამართალდამცველები, მათ შორის, არა მხოლოდ სპეცრაზმელები, არამედ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც აქციაზე ატარებენ ნიღბებს. ეს იმ პირობებში, როცა სამოქალაქო სექტორი წლებია მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სამართალდამცველთა იდენტიფიცირება, თუნდაც მათი სახის გამოჩენის გარეშე, საპოლიციო ძალადობის პრევენციის მიზნით შესაძლებელი იყოს.

გარდა ამისა, პაპუაშვილს არ უხსენებია ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც რამდენიმე დღეა აქტიურად ესხმიან თავს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს პოლიციის თვალწინაც კი. თუმცა, ამ დრომდე არცერთი ნიღბიანი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

“ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისა, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პიროტექნიკას, პაპუაშვილის თქმით, საუბარია მისი შემოტანისა და რეალიზაციის რეგულირებაზე. ამ თემაზე საუბრისას, მან ხაზგასმით ახსენა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ამ სფეროს რეგულირებას ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ.

“მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, მათ შორის, პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს – მისი შემოტანა-რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი, მათ შორის, წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული.

სხვათა შორის, ამაზე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც სწუხდნენ ფრინველებზე და ცხოველებზე. გახსოვთ, მოგვიწოდებდნენ, რომ ახალ წელს არ ყოფილიყო პიროტექნიკის გამოყენება, იმისთვის, რომ გავფრთხილებოდით ფრინველებს. როგორც ჩანს, ეს ბოლო ერთი კვირაა, ის ადამიანებისთვის, ვინც ამას მოუწოდებდნენ – ენჯეოს წარმომადგენლები თუ ცხოველთა უფლებადამცველები – რუსთაველზე გულდახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან, ალბათ, თავისი წარმოდგენით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრულად წაკითხვა