WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მისი შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ქართულ დელეგაციაში შედიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: სოზარ სუბარი, ზვიად შალამბერიძე, ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.

9 ნოემბერს, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილმა და დელეგაციის წევრებმა პრაღაში ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოინახულეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პაპუაშვილი ასევე შეხვდა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ტომიო ოკამურას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. პაპუაშვილმა აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ასევე კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების შესახებ.

„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით“, – აღნიშნა პარლამენტმა.

This post is also available in: English