პოლიცია მოქალაქეებზე დასჯის მიზნით ძალადობს, რაც წამებაა – ომბუდსმენი

2 weeks ago 15

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, პოლიცია პროევროპული აქციის მონაწილეებზე დასჯის მიზნით ძალადობს.  ომბუდსმენის რწმუნებულები უშუალოდ აქციაზე დაკავებული და სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქეებისგან იღებენ ინფორმაციას. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი ის მოქალაქეთა დაზიანების ხარისხი.

“მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს”,- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მისი რწმუნებულები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, იპარავენ მოქალაქეთა პირად ნივთებს. მათ შორის, მობილურ ტელეფონებს.

“საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში, არაერთი დაკავებული მიუთითებს დაკავების შემდეგ პირადი ნივთების ჩამორთმევის ფაქტებზე. სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პერმანენტულად აწვდის მოქალაქეთაგან მიღებულ და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. აპარატი ასევე განახორციელებს შესაბამის რეაგირებას დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისმა რწმუნებულებმა 5 დღის განმავლობაში ჯამში 201 პირი მოინახულეს, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 21 წლის ბიჭი, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა თავში მოხვდა. ის ამჟამად რეანიმაციაშია. გარდა ამისა, რწმუნებულებმა 1-3 დეკემბერს დამატებით მოინახულეს თბილისის, ბაღდათის, გორისა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე კლინიკებში, განთავსებული 75 პირი, რომელთაგან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 56 პირმა მიუთითა (21-მა მათგანმა რეაგირება არ ისურვა). დაკავებულთაგან 44-ს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა