მათ მიაჩნიათ, რომ „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები“.
„ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არც ერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ...
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, - წერია სამი პარტიის (კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“) ერთობლივ განცხადებაში.
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას:
„გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის - უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს“.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.