პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული მოსამართლე ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა 

1 week ago 3

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქცებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე ბრალდებული, რომელთა საქმეებსაც ის განიხილავს. მან სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში რჩებიან. ამავე მოსამართლემ, პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა და მათი საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადადო.

უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.

ხვალ, 11 იანვარს სასამართლო განიხილავს კიდევ რვა დაკავებულის (ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის) აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს. მოსამართლემ მათი საქმის განხილვის დაწყებაც გადადო, ამ შემთხვევაში 6 მარტამდე.

სრულად წაკითხვა