პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

2 weeks ago 7

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება.

უწყების თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. ასევე, დაზიანდა და განადგურდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, მათ შორის თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა“.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.

ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

სრულად წაკითხვა