ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმეზე საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ

5 hours ago 2

ჟურნალისტები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით ისინი სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან დღეს, 17:00 საათზე მივლენ. მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართება და საქმის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

„მოვითხოვთ სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მზიას მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს საქმე გამოუძიებელი ვერ დარჩება!“ — განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

სრულად წაკითხვა