როგორც ჟურნალისტი „ფეისბუკში“ წერს, მას მოწმის სტატუსით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. ნიკურაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე უნდა მივიდეს.
მარიამ ნიკურაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციას აშუქებს, მათ შორის - ბოლოდროინდელ პროევროპულ დემონსტრაციებს. მისი თქმით, მას მიაწოდეს დაუდასტურებელი ცნობა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ.
„ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ბოლო 13 დღის განმავლობაში პოლიცია, როგორც მედიის სხვა წარმომადგენლებს, მასაც უშლიდა ხელს მუშაობაში. ნიკურაძეს ორი ფოტოკამერა დაუმტვრიეს აქციების დარბევისას, ერთ-ერთ საღამოს კი მუშაობისას შსს-ს თანამშრომელმა ხელის კვრით მიწაზე დააგდო.
პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორებს.
6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ „პუბლიკის“ რეპორტიორ მინდია გაბაძეს, სპეცრაზმის წარმომადგენელი თავს დაესხა ასევე „ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას. ფიზიკურად გაუწორდნენ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც.