თითქმის სამი საათია ადვოკატს არ ეძლევა "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონახულების საშუალება - ის 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, ამჯერად დაკავების მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის, რადგან მზია ამაღლობელთან შესვლის შესაძლებლობა მას არ ეძლევა.
„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ არის.
პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.
რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“- პაატა დიასამიძის ამ კომენტარს "ბათუმელები" ავრცელებს.
მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა - დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.