20 იანვარს დონალდ ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო ფიცს მეორედ დადებს და 47-ე პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. მეტეოროლოგების პროგნოზით, 20 იანვარს ვაშინგტონში -11 გრადუსია მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
ცნობილია, რომ ინაუგურაციას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ცერემონია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება. ინაუგურაციაზე დასასწრებად მისული ასობით ათასი ადამიანის შესამოწმებლად რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მაღალი ღობე და შესამოწმებელი პუნქტებია დამონტაჟებული, მობილიზებულია 25 ათასი სამართალდამცავი.
ვაშინგტონის სამთავრობო უბნის დიდი ნაწილი, თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმამდე დაახლოებით 3 კილომეტრი, საავტომობილო მოძრაობისთვის დაიკეტება. შესასვლელი წერტილები ბეტონის ბარიერებით, ნაგვის მანქანებითა და სხვა მძიმეწონიანი საგნებით გადაიკეტება.
საკანონმდებლო ოფისების მეშვეობით, მოსახლეობაში 220 000-ზე მეტი ბილეთი განაწილდა. ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა სპეციალურ ვებგვერდზეც იყო შესაძლებელი. ბილეთებს გადამყიდველებიც კი ყიდიან.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ადგილების ღირებულება 2-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან და რა რაკურსით სურს დამსწრეს ოფიციალურ ცერემონიას უყუროს.
საშუალო ფასის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციაზე დასასწრები ძვირად ღირებული პაკეტებიც არსებობს, რომლებიც 25 000-დან 1 მილიონ დოლარამდე ღირს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტი ავრცელებს.
ეს თანხები მითითებულია, როგორც შემოწირულება ინაუგურაციისთვის. შემოთავაზებული ბილეთების პაკეტები $1 მილიონი, $500 000, $250 000, $100 000 და $25 000 ღირს. ფასი დამოკიდებულია ბილეთების რაოდენობასა და ღონისძიების რანგზე.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციისთვის შემოწირულებების ოდენობამ 9 იანვრისთვის 170 მლნ-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ შეგროვებული შემოწირულება ინაუგურაციის დღისთვის 200 მლნ-ს გადააჭარბებს, რითაც იგი 2016 წელს თავის მიერვე დამყარებულ რეკორდს (107 მლნ დოლარი) მოხსნის. ცნობისათვის, 4 წლის წინ ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის 62 მლნ დოლარამდე შემოწირულება შეგროვდა.
ისინი, ვინც ოფიციალურ დასასწრებ ბილეთს ვერ მიიღებენ, ცერემონიის ყურებას, ათიათასობით სხვა მაყურებელთან ერთად, ეროვნული სავაჭრო ცენტრის დიდ ვიდეოეკრანებზე, პირდაპირ ეთერში შეძლებენ.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს არის დაგეგმილი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის $6.8 მილიარდის ქონებას ფლობს, რითაც იგი მილიარდერების რეიტინგში 452-ე ადგილზეა.
მანანა ბანძელაძე