რეიდების შემდეგ, პოლიცია ძალადობის ბრალდებით შვიდი დაკავების შესახებ იტყობინება

2 weeks ago 13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციის მიერ აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების სახლებისა და ოფისების ჩხრეკის შემდეგ, შვიდი პირი დააკავეს და ბრალი წაუყენეს დანაშაულში, რომელიც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კუპატაძემ განაცხადა, რომ დაკავება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. მან დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.

კუპატაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციები გადაიზარდა „ძალადობრივ და ორგანიზებულ ქმედებებში“, რაც, მისი თქმით, გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს. მან აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კუპატაძემ განაცხადა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის გაჩხრიკეს ექვსი ადამიანის სახლები და ოპოზიციური პარტიების „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ოფისები, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტების“ ოფისები.

კუპატაძის თქმით, დაკავებულთა და ოფისების ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია „შესაბამისი ექსპერტიზები“.

გამოძიების შედეგად პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, რაც მაქსიმუმ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კუპატაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კუპატაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა