რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება - კიდევ რა იცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

1 week ago 10

„ამ ცვლილებებით პარტიას მათთვის არასასურველი ასობით ადამიანის უსამსახუროდ დატოვება შეუძლია, თანაც ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე", - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში?

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება რამდენიმე ახალი ჩანაწერი, განსხვავებულად დაიწერება უკვე არსებული, ამოიღებენ რამდენიმე სიტყვასა და ფრაზას ან პირიქით ჩაამატებენ. მთავარი კი სიტყვა „რეორგანიზაცია" იქნება.

მუხლების ცალ-ცალკე განხილვა საერთო სურათის აღქმას ართულებს, მთლიანობაში კი ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს, ან სულ მცირე გაუჭირდეს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ახსნა იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ის რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:

  • ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, საჯარო მოხელისთვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება რეორგანიზაციის საფუძველი გახდება. „აქამდე კანონი არ ითვალისწინებდა და პირდაპირ გამორიცხავდა რეორგანიზაციის დაწყებას ამ საფუძვლით“, - განმარტავს სიმონიშვილი რადიო თავისუფლებასთან.
  • რეორგანიზაციის პროცესი ნაცვლად 3 თვისა, წარიმართება არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში;
  • საჯარო დაწესებულება აღარაა ვალდებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა მისცეს; ახალი ჩანაწერით ეს პრივილეგია მხოლოდ ლიკვიდაციის ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს იარსებებს.
  • რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის სასამართლო საჩივარი გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს.
  • საჯარო მოხელეს ფუნქციების დამატებისას ან ცვლილებისას გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე ეცნობება. ხელმძღვანელი გადაწყვეტს ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადოს, დახურული თუ შიდა. „დახურულ ან შიდა კონკურსში გათავისუფლებული მოხელე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს”, - განმარტავს იურისტი.
  • გათავისუფლების გამო საჯარო მოხელე იღებს კომპენსაციასა და განაცდურს მხოლოდ სამი თვის ოდენობით. ნიკა სიმონიშვილის თქმით, საჯარო სამსახურის კანონში არსებული იდენტური ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო.
  • საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი გახდება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში. აქამდე საჯარო მოხელეს მხოლოდ მისი უშუალო ხელმძღვანელი აფასებდა.

მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.

მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.

„თუ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეცვლის მოხელის შეფასებას, იგი რჩება ძალაში. თუ ამ 3 თვის ვადაში მოხელის გადაყვანა ხდება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოხელის გადაყვანამდე მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის შეფასების თაობაზე“, - ნათქვამია კანონპროექტში.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები „საჯარო სექტორს გააჯანსაღებს“. ნიკა სიმონიშვილი კი ფიქრობს, რომ პირიქით ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ დაასუსტებს საჯარო მოხელის უფლებებს და სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პროევროპული აქციების პარალელურად საჯარო სექტორში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.

„ამდენად, უვადოდ დანიშნულ მოხელეს ფუნქციის დამატების/ცვლილების გამო სამსახურიდან გაუშვებენ, კონკურსშიც ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, სხვა დაწესებულებაშიც აღარ გადაიყვანენ, თუ გაასაჩივრებს, რამდენიმე წელი დავის დასრულებას უნდა ელოდოს და თუ მოიგებს, მხოლოდ სამი თვის ხელფასს მისცემენ”, - ასკვნის იურისტი.

ვარაუდი, რომ რეორგანიზაცია, საჯარო სამსახურის მმართველის ხელში დამსჯელ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს, თბილისის მერის კახა კალაძის პირველ დეკემბერს გაკეთებულმა განცხადებამ გააძლიერა.

კახა კალაძე პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარულ თანამშრომლებს გამოეხმაურა და თქვა: „ველოდებოდი კიდეც, რადგან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებული და ბევრი ცვლილება იგეგმება”.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ თანამშრომლების ნაწილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, ელოდა კიდეც, რეორგანიზაცია დაწყებული აქვს და „ყველას თავის გზაზე გაუმარჯოსო”.

ამას ორ დღეში ირაკლი კობახიძის განცხადება დაემატა. მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა პროევროპულად განწყობილი მოხელეების საჯარო პროტესტს.

„ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

"ქართული ოცნება" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

სრულად წაკითხვა